ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელმა 11 საოჯახო მარანმა აშშ-ში, ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში "RAW Wine NYC" მიიღო მონაწილეობა.
ქართული მარნების გამოფენაში მონაწილეობა მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მარნების ღვინოების ცნობადობის გაზრდას აშშ-ის ბაზარზე და ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან აშშ-ში 821 ათას ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.
აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენას ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგანაც მიიღეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული მარნები მიმდინარე წელს "RAW Wine"-ის გამოფენებში სხვადასხვა ქვეყანაშიც მონაწილეობდნენ.
"RAW Wine" (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს აერთიანებს. ღონისძიების ორგანიზატორია ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი.
წელს ნიუ-იორკში გამოფენა მეათედ გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 120-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.