10 ნოემბერი 2026,   12:52
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა, ცდილობდეს კანდიდატი ქვეყნის დაზიანებას იმის გამო, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ მოიყვანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩეხეთში დასრულდა. ბოლო შეხვედრები შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გამართა. სპიკერი შეხვდა ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის და ტრანსპორტის მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარე პრაღაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მედიასთან საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ როგორც პარლამენტში, ისე მთავრობის დონეზე არსებობს სრული მზაობა და გახსნილობა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენისა და გაძლიერებისთვის.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბრიუსელი ცდილობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დააზიანოს.

"განწყობა არის ძალიან პარტნიორული, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობის დონეზე შეხვედრებზე. ჩვენ ვნახეთ სრული მზაობა და გახსნილობა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. შევეცდებით, რომ ქვეყნებთან აღვადგინოთ და გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები.

ვხედავთ აშკარა მცდელობებს ბრიუსელის მხრიდან, რომ ვინაიდან ბრიუსელიდან ვერ გვაზიანებენ და მათ განცხადებებს უკვე ყავლი გაუვიდა, დღეს ცდილობენ დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. სასწაულია საერთოდ, რომ ვხედავთ ასეთ მავნებლობას, როგორ შეიძლება საერთოდ ჩადიოდეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა, მშვიდობის, დიალოგის და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, დღეს ცდილობს დააზიანოს კანდიდატი ქვეყანა იმის გამო, რომ არჩევნების დროს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ვერ მოიყვანა ხელისუფლებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები