საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა
გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ჩინური ენის შესწავლის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა.
"ენა აკავშირებს ადამიანებსა და კულტურებს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც განათლების, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით.
საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც უძველესი ენა, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის მიმართ მზარდი ინტერესია, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ამ ინტერესის წახალისებისა და მხარდაჭერისთვის.
განათლებას ამ მზარდ პარტნიორობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩვენი მიზანი
უნდა იყოს ენის შესწავლის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და წარმატებისთვის აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
სწორედ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინური ენის ცოდნის შეფასების გამოცდა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ენის შემსწავლელებს, დაადასტურონ საკუთარი კომპეტენცია და მიიღონ წვდომა ჩინეთის უმაღლესი განათლების შესაძლებლობებზე.
HSK-ის გამოცდები საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენ მზად ვართ, აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას,"
- განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიება, რომელსაც 130-ზე მეტი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.