"კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გადაწყვიტა, გამოვიდეს სააშკარაოზე. რამე დანაშაული თუ არსებობდა, თურმე ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ხდებოდა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიები, რომლის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი ითხოვს, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ.
"ამბობენ, რომ არავითარი რევოლუციის მცდელობა არ ყოფილა მაშინ, როდესაც ყველამ იხილა, რასთან ჰქონდა საქმე. სისხლისღვრის რა დონეზე ოცნებობდნენ ის ადამიანები, ვინც შეტევისკენ მოუწოდებდნენ ხალხს. ეს 4 ოქტომბერი ხომ არ არის მარტო ერთი თარიღი.
საგარეო მხარდაჭერის, ამ ინტენსიური, გაფართოებული შეტევების მიუხედავად, სიმართლე არის ერთი - საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში",- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ხვალიდან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები განახლდება. ეს იქნება მე-13 სხდომა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.