შავი ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, ხორბლით დატვირთული სატვირთო გემი ჩაიძირა. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გემს საზღვაო დრონმა დაარტყა, რის შემდეგაც ეკიპაჟმა ის დატოვა.
მედიის ინფორმაციით, ეს რეგიონში გახშირებული თავდასხმების შედეგად მომხდარი მორიგი ინციდენტია. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სომალის დროშის ქვეშ მცურავი გემი Betul8-ის 12 ეკიპაჟის წევრი, რომლებიც თურქები არიან, ამ რაიონში მყოფმა სამხედრო გემებმა გადაარჩინეს.
ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკიპაჟის წევრები ნაპირზე ვერტმფრენით გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და თავს კარგად გრძნობენ.
ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, გემს 3 000 მეტრული ტონა ხორბალი გადაჰქონდა. ის რუმინეთიდან ეგვიპტისკენ მიემართებოდა და ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში ჩაიძირა.
სამინისტროს განცხადების თანახმად, ბულგარეთმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ორშაბათს, დილით ადრე, განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ დაიწყო. სიგნალი იტყობინებოდა, რომ გემი ჩაძირვას იწყებდა კალიაკრას კონცხიდან დაახლოებით 40 საზღვაო მილის დაშორებით.
წყაროების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულთა, ან გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Diaplous-ის მონაცემებით, Betul8-ი რიგით მე-17 გემია, რომელსაც ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებთან ივლისის შუა რიცხვებიდან დღემდე თავს დაესხნენ.