საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობს. "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე ისაუბრა და მოსამართლეთა პლენუმს გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეებში მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ჩამონათვალი წარუდგინა. მოპასუხე მხარეს დაუსვეს კითხვები, მათ შორის, სტრასბურგში განხილულ საქმეებზე. დარბაზში იყო კამათიც.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს რამდენჯერმე მოუწოდეს, კანონიერ განაჩენებზე დასმულ შეკითხვებზე გაღიზიანების ნაცვლად, წარმოედგინათ კონკრეტული არგუმენტები.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე იმიტომ საუბრობენ დღეს, რომ ამის საშუალება სხვა დროს პროცესიდან გამომდინარე არ მიეცემათ.
"სარჩელში არსებული ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის, რომ იყო თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური დარღვევები. ამასთან დაკავშირებით, როდესაც მხარე ამბობს, რომ ასეთი რამე არ ყოფილა, ტყუილია და ბუნებაში არ არსებობსო, ერთადერთი საშუალება, რომ დავსვათ კითხვა, რომ აი ეს საქმეებიც კი არ არის სისტემური და სისტემატური საშუალება? მეტი უბრალოდ ჩვენ ფიზიკურად არ მოგვეცემა პროცესიდან გამომდინარე. ეს არის ერთადერთი საშუალება ჩვენი უფლების რეალიზებისა და ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ, რომ ჩვენი უფლების რეალიზებას. ყველა საკითხზე რომ ვისაუბროთ მართლა შესაძლებელია, თვეები კი არა, წლები დაგვჭირდეს, იმდენი დანაშაულია ჩადენილი", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.