საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს რა ურთიერთობა სურს საქართველოსთან.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რუსეთთან კეთილმეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის ერთადერთი ბარიერი არსებობს - - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნება, ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის ბარიერი აღარ იარსებებს.
"რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან. ჩვენ ერთადერთი ბარიერი გვაქვს რუსეთთან კარგი, კეთილმეგობრული ურთიერთობისთის - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ეს არის ერთადერთი ბარიერი რუსეთის მხრიდან. როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნება, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის ბარიერი არ იარსებებს.
გზა არის მხოლოდ დიალოგი, ეს დიალოგი, მათ შორის, ამ გამოცდილების ფონზეც, გაგრძელდება. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი იყოს გამჭვირვალე, ჩვენმა საზოგადოება იცოდეს, რა სახის ურთიერთობაა.
ჩვენ ვართ თანმიმდევრული ყველასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ გამჭვირვალე, ჩვენ ხალხს ვეუბნებით რასთან გვაქვს საქმე, რას ითხოვენ ჩვენგან, რას არ ვთანხმდებით.
მაგალითად: ევროკავშირი გვეუბნება, რომ მის მიერ დანიშნულმა ადამიანებმა უნდა დაგვინიშნონ აქ მოსამართლეები და ამას საჯაროდ ვამბობთ იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე. გამჭვირვალობა აქაც მნიშვნელოვანია, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ღვინოსთან მიმართებით რეალური პრეტენზია არ არსებობს. რუსეთის ფედერაციას ის რომ აწუხებდეს, რომ რომელიღაცა ქვეყანა ან კომპანია უკრაინას ეხმარება - ევროკავშირიდან ღვინის და ალკოჰოლის იმპორტი იქნებოდა ნული. მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი საქართველოზე შვიდჯერ მეტია.
აქედან არის დასკვნა, რომ ეს არ არის საფუძველი.
[ქართული ბიზნესის პოზიცია] მოსკოვის საქმე არის იმ მხრივ, რომ მის ტერიტორიაზე უნდა შევიდეს რაღაც პროდუქცია. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს იყო დიალოგის საკითხი და ის საკითხი, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. ამაზე მივიღეთ ეს პასუხი და იქვე, ჩვენმა წარმომადგენელმა ის პასუხი გასცა, რომ სამივე საკითხთან დაკავშირებით ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო ბრალდება. უფრო ჩანს, რომ ეს არის საბაბი, ვიდრე მიზეზი. ამიტომ, მოლაპარაკება და დიალოგი არ არის მარტივი საქმე. არ ვიცი, შეიძლება ეს იყო კონკრეტულად იმ წარმომადგენლის ტაქტიკა, რომ რაღაცნაირად მაქსიმალური საკითხები დაეყენებინა, ვნახოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.