29 ნოემბერი 2026,   15:34
ვრცლად
საზოგადოებას აინტერესებს ვის გულისხმობენ "თვითნებურად დაკავებულებში", რომელიც ასე შეიტანეს გაფართოების ანგარიშშიც და ევრობიუროკრატია ამაზე ფართოდ საუბრობს, ევროკავშირის ელჩს კი წყალი აქვს პირში ჩაგუბებული - დავით მათიკაშვილი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ისევ თავს არიდებს შეკითხვას - ვინ არიან "თვითნებურად დაკავებულები", რომელთა გათავისუფლებას ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციითაც ითხოვს. შეკითხვები დიდი ხანია არსებობს, თუმცა პაველ ჰერჩინსკის ეს სია არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაუგზავნია.

ევროპარლამენტარების ნაწილმა, ვინც ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის გასამართლებული პაატა ბურჭულაძისა და ძალადობრივ აქციებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების გათავისუფლება სტრასბურგიდან მოითხოვა, მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციის გუშინდელ აქციასაც.

ევროკავშირის ელჩის დუმილი, "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია, რომ ევროპელ ბიუროკრატებს არ აქვთ ფაქტები და არგუმენტები, მიღებული რეზოლუციები კი მხოლოდ აღქმებსა და სიცრუეზეა დაფუძნებული.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ცდილობს ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხოს.

"წყალი აქვს პირში ჩაგუბებული, პირადად ევროკავშირის ელჩი ასე არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, ზოგადად საზოგადოებას აინტერესებს ვის გულისხმობენ "თვითნებურად დაკავებულებში", რომელიც ასე შეიტანეს გაფართოების ანგარიშშიც და ევრობიუროკრატია ამაზე ასე ფართოდ საუბრობს. აქ არის ერთადერთი ახსნა ამ ყველაფრის, როგორც კი ისინი გვარებს და სახელებს დაასახელებენ, იმ წუთშივე იქნება საზოგადოებისთვის გასაგები, რომ ეგრეთ წოდებულ თვითნებურად დაკავებულებში გულისხმობენ ადამიანებს, ვინც მაგალითად ისროდა "მოლოტოვის კოქტეილს", ვინც ცდილობდა შეჭრილიყო პრეზიდენტის სასახლეში ძალადობრივად, ვინც აზიანებდა სახელმწიფო ქონებას, აზიანებდნენ პოლიციელებს, ცდილობდნენ ქვეყანა გადაეწვათ და გადაებუგათ. ახლა ესენი თუ მათზე იტყვიან, რომ არიან "თვითნებურად დაკავებულები", გამოდის, რომ მთელი მათი ნარატივი არის ტყუილზე აგებული, რაც არის სიმართლე", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები