28 ნოემბერი 2026,   22:37
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი

შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, თან საქართველოს მოქალაქეებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროა ის, რომ კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას და, პირიქით, საპირისპირო ტენდენციებია

„რაც შეეხება დემოგრაფიულ ვითარებას - დემოგრაფიული ვითარება ორ ნაწილად რომ გავყოთ, ერთი არის დაკავშირებული შობადობასთან და გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები. ეს ტენდენციები ახასიათებს მთელი ევროპის მასშტაბით ქვეყნებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას აქვს იდეოლოგიური საფუძველი, მათ შორის მთელი ამ წლების განმავლობაში, სხვათა შორის, აქაც უცხოურ დაფინანსებაზე როცა არის საუბარი, თავს რომ გვახვევდნენ ამ გენდერულ ე.წ. იდეოლოგიას, ათას უბედურებას, რასაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით, იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფო არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. აი, ამ ყველაფერმა გამოიღო თავისი უარყოფითი შედეგები. ერთი სამწუხარო მოვლენა არის ის, რომ კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას და, პირიქით, საპირისპირო ტენდენციებია. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დახედოთ მსოფლიო რუკას, სადაც არის კეთილდღეობის ყველაზე დაბალი დონე, იქ არის ყველაზე მაღალი შობადობა და პირიქით. ეს არის სამწუხარო რეალობა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა არ გვაძლევს, სამწუხაროდ, შობადობის გაზრდის საშუალებას. მსოფლიოში მეორე ადგილზე არის, მაგალითად, ღაზის სექტორი შობადობით - ერთ ქალზე მოდის 8,3 ბავშვი; პირველ ადგილზეა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეკონომიკურად განვითარებული აფრიკული ქვეყანა და ასე შემდეგ. პირდაპირ, მარტივად, ხელისგულზე დევს, დახედეთ რუკას, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო მაღალია შობადობა და პირიქით. ეს არის ძალიან მკვეთრი ტენდენცია, რომელიც ფიქსირდება.

რაც შეეხება დემოგრაფიის მეორე ნაწილს მიგრაციას, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, თან საქართველოს მოქალაქეებში. ორი წელია, ზედიზედ გვაქვს უკვე პლუსი, პლუს 1000 და პლუს 2000 იყო ამ ორი წლის განმავლობაში, მცირე, მაგრამ პირველად დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ორი წელია, გვაქვს ეს მაჩვენებელი. აქ ზუსტად რომ ეკონომიკური ზრდა მოქმედებს ამ ყველაფერზე, ანუ ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები