28 ნოემბერი 2026,   22:49
ვრცლად
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებს განაცხადების წარდგენა 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე შეეძლებათ - სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

"აპლიკანტებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected].

განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე

განაცხადს თან უნდა ერთოდეს:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ატესტატი, ან ცნობა სკოლის მოსწავლის სტატუსის შესახებ;

ნიშნების ფურცელი – ბოლო სამი წლის ნიშნების მითითებით;

აპლიკანტის რეზიუმე, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მისი აკადემიური მოსწრების, მიღწევების, ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობის, მიღებული ჯილდოებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ;

შესაბამისი მიღწევების დამადასტურებელი სერტიფიკატები, დიპლომები;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის წარდგენის შედმგომ აპლიკანტმა აუცილებლად უნდა გაიაროს შერჩევის ორეტაპიანი პროცესი:

პირველი ეტაპი – შიდა კონკურსი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს;

მეორე ეტაპი, რომლის დროსაც აპლიკანტმა უშუალოდ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) მიერ დადგენილი შერჩევის პროცედურები უნდა გაიაროს.

შიდა კონკურსი, რომელიც 16 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, მოიცავს წერით გამოცდას ინგლისურ ენაში, ზოგადი უნარების ტესტსა და გასაუბრებას. კონკურსის ჩატარების ზუსტი დრო, ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები აპლიკანტებს განაცხადის წარდგენის შემდგომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობებათ.

შიდა კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალგაზრდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში განაცხადის წარსადგენად, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი რეგისტრაციის პერიოდისთვის, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, ვერ შეძლებს ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის (IELTS, TOEFL) ატვირთვას, მან აღნიშნული დოკუმენტი მოგვიანებით, 2027 წლის თებერვლის ან მარტის თვეში უნდა წარადგინოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს ყველა აპლიკანტს!", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები