ციხის კედლებში შექმნილი სხვადასხვა სახეობის სათამაშოები მეთექვსმეტე პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა თბილისის 178-ე სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დაამზადეს. ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები ბავშვებს შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება.
პატიმრების მიერ საკუთარი ხელით შექმნილი სათამაშოები საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის აღსაზრდელებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.
პროექტი მიზნად მსჯავრდებულთა სოციალური პასუხისმგებლობისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდასაჭერად, განათლების სამინისტროს წარმომადგენელიც იმყოფებოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინკლუზიური განათლება სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მსჯავრდებულებმა სათამაშოები უკვე დაამზადეს და გადასცეს თბილისისა და რეგიონების რამდენიმე სკოლას, ასევე, ყრუთა კავშირის საჩხერის დღის ცენტრის აღსაზრდელებს.
ავტორი: ანა ხოშტარია