გავიხსენოთ რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ბათუმში და მე მინდა შეგახსენოთ, რომ როგორც იქცეოდა იქ მოძალადე თურქი გულშემატკივარი, ამაზე ათჯერ უარესად იქცეოდნენ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გულმხურვალე მხარდაჭერა იყო რადიკალური ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მხრიდან ყველა თავდასხმაზე პოლიციელების წინააღმდეგ.
„რაც შეეხება მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას: პირველ რიგში, აქციებზე როცა არის საუბარი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ბათუმში. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ როგორც იქცეოდა იქ მოძალადე თურქი გულშემატკივარი, ამაზე ათჯერ უარესად იქცეოდნენ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები. მაგრამ ამაზე არ მოგვისმენია ჩვენ ანალოგიური შეფასებები. პირიქით, გულმხურვალე მხარდაჭერას ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მხრიდან ყველა თავდასხმაზე პოლიციელების წინააღმდეგ. კამპანიას აფინანსებდა პირდაპირ, მათ შორის ევროკავშირი - EED, ევროპული ფონდი - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილიო“. პოლიციელების დაწვას უჭერდნენ მხარს! და არც ერთი პოლიტიკური პარტიისგან, პოლიტიკური აქტივისტისგან რადიკალური ოპოზიციიდან, არც ერთი მათი მედიასაშუალებებისგან, არათუ დაგმობა არ მოგვისმენია ამ ყველაფრის, პირიქით, გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს პოლიციელების დაწვის მცდელობას, თავდასხმებს - რამდენი პოლიციელი დაზარალდა! ათჯერ და ასჯერ მეტი ხარისხის იყო თავდასხმები პოლიციაზე, მაგრამ არავისგან ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია ასეთი პოზიცია,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როგორ ღირსეულადაც მოქმედებდა ბათუმში პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში.
„რაც შეეხება პოლიციის მოქმედებებს: როგორც მოქმედებდა ბათუმში ღირსეულად პოლიცია, ასევე მოქმედებდა ყველა ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, თუმცა მაშინაც გახსოვთ სამარცხვინო, მიკერძოებული განცხადებები პოლიციის წინააღმდეგ. იყო გადაცდომები, რასთან დაკავშირებითაც მთელ რიგ შემთხვევებში, ყველაში არა, სამწუხაროდ, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში დადგა კიდეც განაჩენი.სადაც იყო ფაქტები ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, იქ დადგა განაჩენი. რაც შეეხება პოზიციას: პოზიცია უნდა გქონდეთ ღირსეული და სახელმწიფოს ინტერესებიდან უნდა ამოდიოდეთ, და პოლიციას ყველგან უნდა იცავდეთ - მარტო იქ კი არა, როდესაც თურქი მოძალადე გულშემატკივარი ესხმის თავს პოლიციას; როცა ქართველი რადიკალი ოპოზიციონერი აქტივისტი ესხმის თავს, თან ათჯერ მეტი ხარისხით, პოლიციას, იქაც უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია.
ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში იყო გადაცდომები და დანაშაულებრივი გადაცდომებიც და სასჯელი დადგა მთელ რიგ შემთხვევებში, მაგრამ მთლიანობაში პოლიცია მოქმედებდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით,“- განაცხადა პრემიერმა.