08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური გამოცემა Zaman-ის ოფისი შტურმით აიღო

თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური გამოცემა Zaman-ის ოფისი შტურმით აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა შენობასთან შეკრებილი ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულებიც. 

საპროტესტო აქცია Zaman-ის ოფისთან მას შემდეგ გაიმართა, რაც სტამბოლის სასამართლომ გაზეთისთვის ე.წ. გარე მმართველის დანიშვნა გადაწყვიტა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამართალდამცველებმა რედაქციაში ჩხრეკა დაიწყეს.

გაზეთის წარმომადგენელთა ცნობით, სახელმწიფოს მიერ დანიშნული ე.წ. გარე მმართველები გამოცემის ქონების კონფისკაციით იმუქრებოდნენ. 

Zaman, რომელიც 650 000-იანი ტირაჟით გამოდის, თურქეთში ერდოღანის პოლიტიკის მიმართ ოპოზიციურად განწყობილად და ყველაზე კითხვად ყოველკვირეულ გამოცემად მიიჩნევა. 

გაზეთი თურქეთში 1986 წელს დაარსდა და ის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემად მიიჩნევა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით კი, გაზეთს ერთ–ერთ რადიკალურ მოძრაობასთან აქვს კავშირი და მიზნად რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაყენებას ისახავს.

ოპოზიციური გამოცემის მთავრობის კონტროლზე აყვანა უფლებადამცველებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკეს. 

 

 

BBC-ის ფოტო

დღის ამბები