21 დეკემბერი 2024,   15:57
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციას მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონკრეტული კანონების გაუქმებას სთავაზობს

სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციას მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონკრეტული კანონების გაუქმებისკენ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერით მოუწოდებს. პრეზიდენტის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონები ქვეყნის ევროპულ კურსს ეწინააღმდეგება. გაიზიარებს თუ არა ზურაბიშვილის მოწოდებას ოპოზიცია და გააუქმებს თუ არა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს? - ადრესატები კითხვას კონკრეტულად არ პასუხობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, დღეს, ოპონენტებს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის მიღების პროცესი შეახსენეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციამ პასუხისმგებლობა მოიხსნა და კანონის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ახლა ოპოზიცია, ზურაბიშვილთან ერთად, ცდილობს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს.

კანონის მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან პარტია "გირჩშიც", თუმცა, კოლეგა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, ზურაბიშვილსაც აკრიტიკებენ. პარტიაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტს, ვეტოს დადებით, თავად შეეძლო, ხელი შეეშალა კანონის დამტკიცებისთვის.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ პრეზიდენტი უცხო ძალების დავალებით მოქმედებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მისი გეგმა, რომელიც, ოპოზიციის ხელით, კონკრეტული კანონის გაუქმებას ითვალისწინებს, ზურაბიშვილის მხრიდან ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერას ნიშნავს.

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა, 17 სექტემბერს, 84 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო. ზურაბიშვილმა კანონს ვეტო არ დაადო და პარლამენტს ხელმოწერისა და შენიშვნების გარეშე დაუბრუნა. საკანონმდებლო პაკეტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.

დღის ამბები