08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
ბრიუსელის ტერაქტი - პირველი აფეთქება დილის 8 საათზე ავიახაზების სარეგისტრაციო პუნქტთან მოხადა

პირველი აფეთქება დილის რვა საათზე ბრიუსელის ავიახაზების სარეგისტრაციო პუნქტთან იმ დროს მოხდა, როდესაც ხალხი საპასპორტო კონტროლის გასავლელად რიგში იდგა. რამდენიმე წამში დაახლოებით 20 მეტრში მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა – ამჯერად ამერიკან ეარლაინსის სარეგისტრაციო პუნქტთან.

თვითმხილველები ყვებიან, რომ აფეთქებებამდე მოსაცდელ დარბაზში სროლის ხმა და ფრანგულ და არაბულ ენაზე შეძახილები ისმოდა. უკვე დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ტერმინალში ერთ-ერთი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი, სავარაუდოდ, მიტოვებულ ჩანთაში იყო ჩამონტაჟებული. რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციამ მესამე ასაფეთქებელიც აღმოაჩინა და იარაღით სავსე ჩანთა იპოვა, რომელშიც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიც იდო.

აეროპორტში მომხდარი აფეთქებებიდან დაახლოებით ერთ საათში ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს ორ ცენტრალურ სადგურებს შორის ამოქმედდა, რომლებიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობენ.

ტერაქტების სერიის გამო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. ყველა რეისი, რომელიც ზავენტემის ტერიტორიაზე უნდა დაშვებულიყო, სხვა აეროდრომებზე გადაამისამართეს. პოლიციამ საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა და ხალხს აეროპორტის ტერიტორიასთან მიახლოვება აუკრძალა.

მოგვიანებით კი ძალოვანემბმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს და შინაგანი ჯარი სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. სამართალდამცველები ბელგიაში მყოფ ყველა ადამიანს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან, არ გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ.

 

 

ავტორი: თეა თეთრაშვილი

დღის ამბები