08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ბრიუსელში ევროკავშირის მიერ თავისუფლებისა და უსაფრთხოების ახალი რეგულაციების შემუშავებაზე საუბრობენ

ბრიუსელში უკვე ღიად საუბრობენ, რომ ერვოკავშირმა შესაძლოა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ახალი რეგულაციები შეიმუშაოს. ტერორიზმის საპასუხოდ ადექვატურ ზომებზე შეთანხმებისკენ მსოფლიო ლიდერებს იტალია მოუწოდებს.

პარალელურად, ექსპერტები ბრიუსელში განვითარებული მოვლენების მიზეზებს იკვლევენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ გუშინ განხორციელებული ტერორისტული აქტები უკავშირდებოდეს სალაჰ აბდესლამის დაკავება, თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ ტერაქტების ორგანიზება სამ დღეში ვერ მოხერხდებოდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ტერორისტები კარგად დაფინანსებული არიან, მოქმედებენ შეთანხმებულად და ორგანიზებულად.

იტალიის პრემიერმინისტრმა მატეო რენზიმ განაცხადა, რომ უნდა შეიმუშაონ ახალი პაქტი, თავისუფლებისა და უსაფრთხოების შესახებ ევროპაში. მისი თქმით, უნდა შეიკრიბონ ევროკავშირის ლიდერები და შეიმუშაონ საერთო გეგმა, რათა საერთო მტერს - ტერორიზმს ებრძოლონ.

ბრიუსელის ცენტრი, სადაც მდებარეობს ყველა ევრო სტრუქტურა, გადაკეტილია, პერიმეტრზე მხოლოდ ჟურნალისტებს უშვებენ, მობილიზებულია პოლიცია და ჯარი.

ანტიტერორისტული ოპერაციის მიუხედავად, ბრიუსელი თანდათან ჩვეულ რიტმს უბრუნდება. გაიხსნა სკოლები და ნაწილობრივ მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც განაახლა. ამუშავდა რკინიგზაც, თუმცა ის მეტრო სადგურები, რომლებიც ტერორისტების სამიზნე გახდა, ამ დრომდე დახურულია.

ასევე არ მუშაობს ბრიუსელის აეროპორტი, სადაც გუშინ პირველი ორი აფეთქება მოხდა. ზავეტემის ტერმინალები მუშაობას საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ განაახლებენ. 

დღის ამბები