08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე შენარჩუნებულია-ქუჩებს სამხედროები აკონტროლებენ

ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტების დროს გარდაცვლილებს გლოვობენ. ცერემონიალი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართა. სპეციალურად ცერემონიალზე დასასწრებად ევროკომისიაში სამეფო ოჯახი, ქვეყნის პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდნენ.

ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო ბელგიაში მცხოვრებმა მოსახლეობამ.

ამავდროულად ქალაქი ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე. ბრიუსელში პატრულირებენ სამართალდამცავები და სამხედროები. ბრიუსელში მხოლოდ ნაწილობრივ არის აღდგენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, ბელგიელი სამართალდამცავები ჩხრეკენ, მოწმდება ხელბარგი.

ამ დრომდე დაკეტილია ბრიუსელის ნაციონალური აეროპორტი და გაუქმებულია ყველა საერთშორისო რეისი.

დღესვე განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა. მანუელ ვალსიმ იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობას გეგმავენ.

„ჩვენს წინაშეა ტერორისტული ორგანიზაცია თავისი სიძლიერით, რესურსებით, ქსელებით,ჩვენივე საზოგადოებაში. ჩვენ ომში ვართ ჩაბმული და ეს ომი მათ გამოგვიცხადეს, დღევანდელ თაობას უწევს ტერორიზმის საფრთხესთან შეგუება, რაც საზიანოა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდები მიდიან სირიაში საბრძოლველად და ხვალ დაბრუნდებიან თანამზრახველებთან ერთად რადიკალური ისლამის იდეოლოგიით, შემდეგ ვნახავთ იმას, რაც პარიზში, ბრიუსელში და კიდევ სხვა ქალაქებში ვნახეთ. მივმართავ ასეთ ახალგაზრდებს, იყავით გონიერი და გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც ადამიანებს გაგვაჩნია,“-განაცხადა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსიმ.

ავტორი: შოთა კიკნაძე.

დღის ამბები