08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
დაცლილი სოფლები, დანგრეული სახლები და ინტენსიური სროლა-ყარაბაღში სამხედრო მობილიზაციაა გამოცხადებული

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ქალაქი მარტაკერტი, ფრონტის ხაზად იქცა. რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს გზად დაცარიელებული სახლები, მიტოვებული მანქანები და დაბომბვის შედეგად დაზიანებული ქალაქი ხვდება. ადგილობრივების თქმით, მესამე დღეა ქალაქს ჭურვები ეცემა. მარტაკერტი თითქმის მთლიანად დაცლილია. ქალაქში მაღაზიები დაკეტილია და აქ დარჩენილ მოსახლეობას პურით ქალაქის ადმინისტრაცია ამარაგებს.

ერთადერთი ხალხმრავალი ადგილი მარტაკერტში ქალაქის ადმინისტრაციის შენობაა, სადაც დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი და ჟურნალისტები არიან განლაგებულნი. შენობას სომეხი სამხედროები იცავენ. მარტაკერტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით,  ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები ქალაქიდან გაიყვანეს, რადგან მათი იქ დარჩენა უსაფრთხო არ იყო.  

მთელი დღის განმავლობაში მარტაკერტში მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში სამხედრო მობილიზაციაა გამოცხადებული, მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ.

მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები დღეს ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ ვითარების განვითარება რუსეთზე იქნება დამოკიდებული.

ავტორები: დათო კაკულია, ლაშა მუმლაძე.

დღის ამბები