08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
"ამ ყველაფრის სათავეში იდგა გენერალური პროკურორი უკრაინის,"- დავით საყვარელიძე მის გათავისუფლებაზე საუბრობს

უკრაინის გენერალური პროკურორის და მისი ქართველი მოადგილის თანამდებობიდან გადაყენება ამ დრომდე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ოფიციალური ვერსიით დავით საყვარელიძე თანამდებობიდან ეთიკის ნორმების დარღვევისა და  პროკურორისთვის შეუსაბამო საქციელის გამო გადააყენეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ საყვარელიძე საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა დაკითხეს.  მის ყოფილი ქვეშევრდომებს აინტერესებდათ, სად წავიდა რეფორმებისთვის გამოყოფილი 2 მილიონი დოლარი.

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე კი, თანამდებობიდან გადაყენების მიზეზებსა და უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებაზე რუსთავი 2-თან ინტერვიუში საუბრობს. 

„მან პირადად დამირეკა მობილურ ტელეფონზე და მითხრა, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო მასთან მისვლა, ვინაიდან ეს არ იყო მასთან შეთანხმებული გადაწყვეტილება, ასევე მითხრა, რომ დაელაპარაკებოდა ახალ პროკურორს. ჩემი პასუხი იყო, რომ ჩემს დაბრუნება-არდაბრუნებას აზრი არ აქვს თუ არ იცვლება მთლიანად იდეოლოგია და პრინციპი პროკურატურის მუშაობის და მისი აწყობის, ანუ ჭაობში ხელახლა ჩაძირვას აზრი არ აქვს თუ პრეზიდენტი მთლიანად არ შეცვლის და არ შეხედავს ამ ორგანოს,“-განაცხადა საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძის განცხადებით, თანამდებობიდან გადაყენება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„სიმართლე გითხრათ ამას მე ველოდებოდი, სამწუხაროდ ამ ყველაფრის სათავეში იდგა გენერალური პროკურორი უკრაინის და როგორც საერთოდ ხდება ხოლმე ყოველთვის, რევანშისტებს აერთიანებთ საერთო მიზანი, გააჩერონ პროგრესი, შეაჩერონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ხალხის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდება, რევანშისტების მიერ უკრაინაში ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს, რომ მაიდანი, ამდენი დაღუპულის სიცოცხლე,  ამდენი მებრძოლის დაკარგული სიცოცხლე აღმოსავლეთში, ამდენი გაჭირვებული ადამიანი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათი განცდები არის ფუჭი,“-განაცხადა დავით საყვარელიძემ.

საყვარელიძე უკრაინის მთავარ პროკურატურაში, პროკურორის მოადგილედ ერთი წლის წინ დაინიშნა. საყვარელიძის გადაყენებასთან დაკავშირებით, ინტენსიურად წერს ადგილობრივი და მსოფლიო მედია.

ავტორები: ნოდარ მელაძე, გიორგი ჩიკვილაძე

დღის ამბები