08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
"საყვარელიძე წარმოადგენდა რეფორმატორების ახალ ტალღას,"-ვიტალი კურილო

დავით საყვარელიძის გენერალური პროკურორისა და ოდესის საოლქო პროკურორის თანამდებობებიდან გადაყენებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ერთმა ნაწილმა მისი გადაყენება გააპროტესტა, ხოლო მეორე ნაწილმა ხელისუფლებას მოსთხოვა აღარ დააბრუნოს საყვარელიძე თანამდებობაზე.

შეფასებები კეთდება რადას დეპუტატების მხრიდანაც. რადას წევრთა ნაწილი დავით საყვარელიძის გადაყენებას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ამბობს, რომ დავით საყვარელიძემ თანამდებობაზე ყოფნისას აჩვენა საჭირო პრინციპულობა.

„მან აჩვენა პრინციპულობა, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ველოდებით პროკურატურისგან. მათ შორის "ბრილიანტის პროკურორებთან" მიმართებაშიც. სასურველი იქნებოდა, რომ ასეთი პრინციპულობა უფრო მეტი ყოფილიყო. გვესმის, რომ ყველაფერი ერთ პროკურორზე არ არის დამოკიდებული, ან თუნდაც მის მოადგილეზე, თუ კი სისტემა არ მუშაობს. ჩვენს ფრაქციას არასდროს მიუცია ხმა პროკურორი შოკინისთვის, რადგან დანიშვნამდე ფრაქციასთან შეხვედრისას მივხვდით, რომ ეს არ არის ის ადამიანი, რომელსაც დღეს უკრაინა ითხოვს. ეს ადამიანი ძველი ყალიბისაა, რომელმაც ეს სისტემა შექმნა. დავით საყვარელიძე ცდილობდა პრობლემები ზედაპირზე გამოეტანა,“-განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა იური ჩიჟმარიმ.

უკრაინის რადიკალური პარტიის წევრი მიიჩნევს, რომ დავით საყვარელიძე თანამდებობაზე უნდა დააბრუნონ. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი ვიტალი კურილო რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ საყვარელიძის გათავისუფლება გენერალურ პროკურატურაში ბრძოლის მაჩვენებელია.

„საყვარელიძე წარმოადგენდა რეფორმატორების ახალ ტალღას. ისინი ვინც ის გაათავისუფლა ის ადამიანები არიან, იმ ძველი კონსერვატორული ნაწილის წარმომადგენლები, რომელიც დაკავშირებულია, იანუკოვიჩის და კუჩმას ხელისუფლებასთან,“-განაცხადა ვიტალი კურილომ.

უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობენ პოლიტოლოგებიც. რუსთავი 2-თან ინტერვიუში ცნობილი უკრაინელი პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს წავიდეს ოპოზიციაში და შექმნას ახალი პოლიტიკური გუნდი.

„უკრაინელი ქართველების გუნდს ალიანსი აქვს იმ უკრაინელებთან, ვინც სტატუსკვოს ვერ ეგუება. პარლამენტში დღეს მყოფ ძალებს, სერიოზულად აქვთ დაკარგული ნდობა. ქვეყანას ძალიან სჭირდება ახალი ძალა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს კვირეებში ალტერნატივას დავინახავთ. სააკაშვილი ყოველთვის უსვამდა ხაზს, რომ იგი არავის პროექტი არ არის, თუ შენი თანაგუნდელი, მოკავშირე საერთო ფასეულობებს ღალატობს, არჩევანი აშკარაა, სახელი და გვარი კი არა პრინციპებია მნიშვნელოვანი,“-განაცხადა პოლიტოლოგმა ვლადიმერ ფედორინიმ.

ავტორი:ნოდარ მელაძე

დღის ამბები