08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ყარაბაღში ბოლო ორი დღის განმავლობაში 33 ადამიანი დაიღუპა - გაერო მონაცემებს აქვეყნებს

გაერო მთიან ყარაბაღში განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა მონაცემებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, დაპირისპირებას ბოლო ორი დღის განმავლობაში 33 ადამიანი, მათ შორის 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

მთიან ყარაბაღში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის ზავის დარღვევაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გამთენიისას ისევ გახსნეს. 

ოფიციალური ბაქო ადასტურებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 3 ჯარისკაცი დაკარგა. სომხური მხარე კი ირწმუნება, რომ მსხვერპლი აზერბაიჯანის მხარეს გაცილებით დიდია და ის 21-ს აღწევს. ამის მტკიცებულებად ერევანი უპილოტო საფრენი აპარატის მიერ გადაღებულ ვიდეო მასალას ავრცელებს.

ერთ-ერთი აზერბაიჯანული ტელეარხის ეთერში კი, კონფლიქტის ზონაში დრონის ჩამოგდების კადრები უჩვენეს. ბაქოში აცხადებენ, რომ აპარატი სომხეთს ეკუთვნოდა. 

დღის ამბები