08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ქალაქი მარტაკერტი მთიან ყარაბაღში ცხელ წერტილად იქცა

ქალაქ მარტაკერტში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ქალაქი ბოლო დღეების განმავლობაში მთიან ყარაბაღში ერთ–ერთ ყველაზე ცხელ წერტილად იქცა. ადგილობრივებთან ერთად, მარტაკერტის დატოვება დაიწყეს სასულიერო პირებმაც. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ქალაქი იბომბება, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში ჭურვები ეკლესიის ტერიტორიაზე არ ჩამოვარდნილა.

კონფლიქტის ზონიდან დაჭრილი სამხედროები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს გამოჰყავთ, თუმცა დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. დაპირისპირებული მხარეები მსხვერპლის შესახებ ურთიერთსაპირისპირო ცნობებს ავრცელებენ.

ინტენსიური შეტაკებების მიუხედავად, სომეხი სამხედროები მარტაკერტს ჯერჯერობით არ ტოვებენ, არაღიარებულ რესპუბლიკაში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ფრონტის ხაზზე სამხედროებმა დღეს დამატებით საჰაერო თავდაცვის საშუალებებიც შეიყვანეს.

ავტორი: დავით კაკულია.

დღის ამბები