08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
"მოვითხოვთ სამხედრო შენაერთების დაბრუნებას იმ პოზიციებზე, რომელთა ოკუპაციაც აზერბაიჯანულმა მხარემ პირველ აპრილამდე განახორციელა", - სერჟ სარქისიანი

მთიან ყარაბაღში სროლისა და აფეთქებების ხმა ისევ ისმის. სომხეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ საბრძოლო პოზიციებს, არამედ დასახლებებსაც ბომბავს, იყენებს სმერჩის ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემებს და უპილოტო თვითმფრინავებს. მისივე ინფორმაციით, უპილოტო აპარატმა მოხალისეების ავტობუსზე მიიტანა იერიში, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ბაქოში კი აცხადებენ, რომ სომეხმა სამხედროებმა რამდენიმე დღის დაკარგულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა სცადეს და 120-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციებსა და სოფლებს.

იმ შემთხვევაში თუ სომხური მხარე ცეცხლს არ შეწყვეტს, ოფიციალური ბაქო მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქის, სტეპანაკერტის დაბომბვით იმუქრება. საპასუხო იერიშით იმუქრებიან არაღიარებულ რესპუბლიკაშიც.

"სომხეთი და მთიანი ყარაბაღი სამხედრო მოქმედებების შეჩერებასა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრ დაცვას ვუჭერთ მხარს. მოვითხოვთ სამხედრო შენაერთების დაბრუნებას იმ პოზიციებზე და ბაზებზე, რომელთა ოკუპაციაც აზერბაიჯანულმა მხარემ 2016 წლის პირველ აპრილამდე განახორციელა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად ეუთომ არსებულ პირობებში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. პირველ რიგში უნდა ჩატარდეს გამოძიება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ და გაზარდონ დამკვირვებელთა რიცხვი,“ - განაცხადა სერჟ სარქისიანმა.

საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტში ჩართულ მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე იქნება საუბარი დღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც ელჩების დონეზე ვენაში გაიმართება.

დღის ამბები