08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
"რუსეთმა სირიაში განახორციელა საავიაციო დარტყმები ჰოსპიტალებზე და მეჩეთებზე" - დეიმონ უილსონი

სირიის კამპანიის დროს რუსეთის მიერ განხორციელებული საავიაციო დარტყმების დროს ძირითად სამიზნეს არა აისისი, არამედ სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები და მეჩეთები წარმოადგენდა. რუსეთის მიზანი კრემლის მოკავშირე ბაშარ ალ ასადის გადარჩენა და მისი ოპოზიციის დასუსტება იყო. გარდა ამისა, რუსეთმა აკრძალული კასეტური იარაღი გამოიყენა”, - ასეთ დასკვნამდე მივიდა ატლანტიკური საბჭოს ექსპერტთა ფაქტების მომპოვებელი მისია, რომელმაც დღეს სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.

"ეს ანგარიში წარმოადგენს რეალობას სირიაში რუსეთის კამპანიის შესახებ. რუსეთმა განახორციელა საავიაციო დარტყმები ჰოსპიტალებზე, წყლის გადამამუშავებელ ნაგებობებზე, მეჩეთებზე. რუსეთმა გამოიყენა კასეტური იარაღი და თითქმის ყველა შემთხვევაში გაანადგურა არა-აისისის სამიზნეები. ეს არის სიმართლე, რომელიც უნდა იყოს გაცნობიერებული რუსეთთან მოლაპარაკებების დროს“, - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა.

ასევე ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო კამპანიამ საშუალება მისცა ასადის ძალებს ხელახლა დაეკავებინათ დაკარგული პოზიციები.

ანგარიშზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ კამპანიის დასაწყისში განხორციელებული 30 საავიაციო დარტყმიდან, აისისი სამიზნეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში წარმოადგენდა.

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ დაეჯერებინათ დასავლეთელი მოკავშირეების და პენტაგონის განცხადებებისთვის და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროსგან გაეგოთ იმის თაობაზე, თუ რას აკეთებდა რუსეთის სირიაში. ჩვენც ასე მოვიქეცით. დავაკვირდით თავდაცვის სამინისტროს მიერვე გავრცელებულ ყველა ვიდეომასალას, რომელიც მათი რწმუნებით, აისისის წინააღმდეგ მიტანილ იერიშებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. რაც ჩვენ ვნახეთ იყო ის, რომ პირველივე კვირებში, 30 დარტყმიდან აისისი მხოლოდ ერთ სამიზნეს წარმოადგენდა. დანარჩენი 29 კი არა", - განაცხადა კვლევის ავტორმა მაქსიმილიან ცუპერსკიმ.

კვლევაზე მომუშავე ექსპერტებმა ასევე აღმოაჩინეს არასწორი მონაცემები სამიზნეების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით და მოსკოვის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ISIS-ი რუსი სამხედროების სამიზნეს არ წარმოადგენდა.

ატლანტიკურ საბჭოში დღეს განაცხადეს, რომ სირიაში რუსეთი 2 მიზეზით შევიდა. მან გადაარჩინა მოსკოვშის დიდი ხნის მოკავშირე ასადი და ასევე მოაერხა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადრების უკრაინის მოვლენებიდან გადატანა.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები