08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
არა-ნიდერლანდელების პასუხი უკრაინის ევროკავშირთა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე

ევროკავშირი დღეს კიდევ ერთი გამოწვევის წინ დადგა - გუშინ ჰოლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობას პასუხი მხოლოდ ერთ შეკითხვაზე უნდა გაეცა, სურთ თუ არა მათ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. რეფერენდუმში მოსახლეობის 32-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და მათმა უმრავლესობამ შეკითხვას უარით უპასუხა.

რეფერენდუმი სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა ქვეყნის პრემიერმა უკვე განაცხადა, რომ ხელისუფლებას მოუწევს მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინება.

როგორ იმოქმედებს რეფერენდუმის შედეგები მთლიანად ევროკავშირზე, შეფერხდება თუ არა უკრაინის ევროინტეგრაცია - ამაზე დღეს ბრიუსელშიც მსჯელობდნენ.

ჟურნალისტებმა უკრაინის ევროპული არჩევანის გამო დაღვრილი სისხლიც გაიხსენეს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, ის რეფერენდუმის შედეგების გამო წუხილს გამოთქვამს. ახლა მთავრობამ უნდა გააანალიზოს რეფერენდუმის შედეგები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღოს, თუ როგორ იმოქმედებს,“ - განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა სპიკერმა მარგარიტა შინაჰმა.

ბრიუსელში ექსპერტები აცხადებენ, რომ რეფერენდუმის შედეგი ყველაზე ხელსაყრელი რუსეთისთვისაა.

„რეფერენდუმის შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მართალია მე ჰოლანდიელი არ ვარ, მაგრამ როგორც ევროპელს, მრცხვენია. არ დამვიწყებია, რომ სწორედ ამ ხელშეკრულებისთვის გაწირეს სიცოცხლე უკრაინელებმა მაიდანზე. არ დამვიწყებია ისიც, რომ უკრაინას თავს დაესხა აგრესორი ომის გამოცხადების გარეშე. ამ ყველაფრის შემდეგ კი ჰოლანდიელები ამბობენ არას. ჩვენ უკან ვიხევთ, ეს არის ძალიან ცუდი ახალი ამბავი მთელი ევროპისთვის. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ჩვენ საკმაოდ სუსტი ვართ ვლადიმერ პუტინთან შედარებით,“ - განაცხადა ევროაქტივის მთავარმა რედაქტორმა გიორგი ბოტკოვმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები