08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ეგვიპტის ხელისუფლება "Airbus 320"-ის კატასტროფის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს

ეგვიპტის ხელისუფლება სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს. Airbus 320-მა კატასტროფა, სავარაუდოდ, ეგვიპტის საჰაერო სივრცეში, საბერძნეთის კუნძულ კარპატოსის მახლობლად განიცადა.

სამძებრო ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა გაუჩინარებული თვითმფრინავის ფრაგმენტები ჯერ-ჯერობით არ უპოვიათ.

"სამძებრო ოპერაციას ვატარებთ იმ ზონაში, სადაც თვითმფრინავთან კომუნიკაციის დაკარგვის შემდეგ სავარაუდოდ გაუჩინარება მოხდა. რეგიონში იმყოფებიან სამხედრო დანაყოფები, თვითმფრინავები და საზღვაო ძალები. გვაქვს კოორდინაცია ბერძნულ მხარესთანაც, რომელიც ასევე ჩართულია სამძებრო სამუშაოებში. ამ დროისთვის ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ. როდესაც საგამოძიებო კომიტეტების მუშაობა და სამძებრო ოპერაცია დასრულდება, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რა მოხდა ან რა იყო მიზეზი," - აცხადებს ეგვიპტის პრემიერმინისტრი, შერიფ ისმაილი. 

სამუშაოებში ეგვიპტისა და საბერძნეთის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ. რეგიონში სამაშველო ჯგუფების გაგზავნას გეგმავს საფრანგეთიც.

"მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ეგვიპტის ხელისუფლებასთან, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დონეზე. ეგვიპტემ უკვე გაგზავნა სამაშველო ჯგუფები ადგილზე და საფრანგეთიც მზადაა დასახმარებლად. ვფიქრობ, ამ დროისთვის ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ გაუჩინარების მიზეზებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ახალ ამბებს უნდა დაველოდოთ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბორტზე საფრანგეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ," - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, მანუელ ვალსიმ. 

ავიაკომპანია EGYPTAIR-ისკუთვნილი Airbus პარიზიდან კაიროში მიფრინავდა და მის ბორტზე 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და უსაფრთხოების სამსახურის სამი წარმომადგენელი იმყოფებოდა.

გამოძიება მომხდართან დაკავშირებით არც ერთ ვერსიას, მათ შორის ტერაქტსაც, არ გამორიცხავს.

დღის ამბები