08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
"მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე გავიღო უკრაინისთვის,"-ნადია სავჩენკოს პირველი კომენტარი უკრაინაში დაბრუნების შემდეგ

სამშობლოში დაბრუნებულ ნადია სავჩენკოს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს. უკრაინელი მფრინავი პრეზიდენტმა მიიღო და გმირობის ორდენი გადასცა. პეტრე პოროშენკომ სავჩენკოს ქვეყნის სიამაყისა და უდრეკობის სიმბოლო უწოდა. მისივე თქმით, უკრაინა ნადია სავჩენკოს მსგავსად, დაიბრუნებს დონბასს და ყირიმსაც.

ნადია სავჩენკო დღეს უკრაინაში გასამართლებულ რუს სამხედროებში გაცვალეს. უკრაინელ მფრინავს ბორისპოლის აეროპორტში დედასა და დასთან ერთად, ათობით გულშემატკივარი დახვდა.

პირველი ემოციური განცხადება სავჩენკომ სწორედ აეროპორტში გააკეთა. მან შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სხვა ტყვეების გასათავისუფლებლად ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო.

„მზად ვარ ნებისმიერ წამს მოვკვდე იმისთვის, რომ შევძლოთ, ისე ვიცხოვროთ, როგორც გვინდა. მადლობა ყველას. მადლობა, რომ იბრძოდით ჩემთვის და სხვებისთვის. მადლობა მათაც კი, ვისაც ჩემთვის ბოროტება უნდოდა, მათი სიტყვების წყალობით მე გადავრჩი. მათ ჯიბრზე გადავრჩი. მინდა პატიება ვთხოვო იმ დედებს, რომელთა შვილებიც ანტიტერორისტული ოპერაციის ფრონტის ხაზიდან ვერ დაბრუნდნენ, რადგან მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მინდა პატიება ვთხოვო დედებს, რომელთა შვილებიც ტყვეობაში არიან, მე კი თავისუფალი ვარ. მე არ შემიძლია, დავაბრუნო დაღუპულები, მაგრამ მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე გავიღო უკრაინისთვის და ყველაფერს გავაკეთებ მათ გასათავისუფლებლად, უკრაინელი გმირები არ უნდა კვდებოდნენ,“- განაცხადა სავჩენკომ. 

დღის ამბები