08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
ნადია სავჩენკო პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნადია სავჩენკო ტელეკამერების წინ არ გამოჩენილა. უკრაინელმა მფრინავი დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციამდე ჟურნალისტებთან შეხვედრისგან თავს იკავებდა და ინტერვიუზე მხოლოდ რუსთავი 2-ს დათანხმდა. თუმცა პოლიტიკაზე საუბარი არ ისურვა და ემოციით გაიხსენა თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, მის მხარდამჭერ აქციაზე სუხიშვილების მიერ შესრულებული ხორუმის კადრები.

პოლიტიკურ შეკითხვებს უკრაინელმა მფრინავმა პრესკონფერენციაზე უპასუხა. მის მოსასმენად კულტურის სასახლეში უამრავი ჟურნალისტი მივიდა, რომელთა შორის რუსული მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ნადია სავჩენკომ პირობა შეასრულა და კურიერის ჟურნალისტის შეკითხვას ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან დაკავშირებით ტრიბუნიდან უპასუხა.

ნადია სავჩენკომ მედიას საკუთარი შეხედულებები გააცნო რა გზითაა შესაძლებელი ყირიმის დაბრუნება. მას ჟურნალისტებმა ვლადიმერ პუტინის შეფასებაც სთხოვეს. უკრაინელი მფრინავი აცხადებს, რომ რაც ქვეყ6ნის აღმოსავლეთ რეგიონებში ხდება არის ომი რუსეთსა და უკრაინას შორის.

ნადია სავჩენკომ სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა. ყოფილი პატიმარი აქტიურად აპირებს პოლიტიკაში ჩართვას და მზადაა პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს, თუ ეს უკრაინელი ხალხის ნება იქნება.

ყოფილი პატიმრის დღევანდელი შეხვედრა მედიასთან ორი საათი გაგრძელდა. ახლა უკვე როგორც დეპუტატი მომდევნო კვირიდან რადას სხდომებზე დასწრებას გეგმავს.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე, თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები