08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
დევიდ კამერონი მთავრობის სრული შემადგენლობით 3 თვეში გადადგება

რეფერენდუმის შედეგების ფონზე, დევიდ კამერონი თანამდებობას ტოვებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოს ახალი ლიდერები სჭირდება და შესაბამისად, ის მთავრობის სრული შემადგენლობით 3 თვეში გადადგება.

დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს ხალხის არჩევანს და იმედი გამოთქვა, რომ რეფერენდუმის შედეგები ბრიტანელების ცხოვრების წესზე დიდ გავლენას არ იქონიებს.

მისივე თქმით, კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, ქვეყანას უკვე ახალი პრემიერი უნდა ყავდეს, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესს უხელმძღვანელებს.

"ბრიტანელმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და აირჩია ახალი გზა, შესაბამისად, ქვეყანას სჭირდება ახალი ლიდერები, რომლებიც ბრიტანეთს ახალი მიმართულებით წაიყვანენ. როგორც პრემიერმინისტრი ყველაფერს გავაკეთებ უახლოესი თვეების განმავლობაში, რომ გავასწორო გემი, მაგრამ ვფიქრობ არასწორი იქნება ვიყო კაპიტანი, რომელიც ქვეყანას ახალი დანიშნულების პუნქტთან მიიყვანს. ვფიქრობ, ოქტომბერში კონსერვატიული პარტიის ყრილობის დაწყებამდე, ჩვენ უკვე ახალი პრემიერი უნდა გვყავდეს და სწორედ მან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირთან დიდი ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით. მომავალ კვირას მე ევროპულ საბჭოში ვიქნები და შევეცდები განვმარტო ჩემი პირადი და ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებები” - განაცხადა დევიდ კამერონმა.

დღის ამბები