საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი ზაალ ანჯაფარიძე, მაუწყებლის განვითარების საკუთარ გეგმებზე საუბრობს. განცხადება მან კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ანჯაფარიძე ამბობს, რომ ის გამოცდილება, რომელიც მას ჟურნალისტიკაში, სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობისას და საერთაშორისო ორგანიზაციებში პროექტების მენეჯმენტის პროცესში დაუგროვდა, აძლევს შესაძლებლობას უხელმძღვანელოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
„განსაკუთრებული შიში არ მაქვს იმიტომ, რომ შევისწავლე მაუწყებლის სტრუქტურა, მუშაობის პრინციპები და იქიდან გამომდინარე, რომ მუშაობის პროცესში მქონდა საშუალება ურთიერთობა მქონოდა ბევრ ადამიანთან, მაქვს კომუნიკაციის უნარი და ადამიანების პროფესიონალიზმის შეფასება, ანუ ის უნარები, რაც სჭირდება მენეჯმენტს, მაძლევს საშუალებას საზ მაუწყებლის მრავალრიცხოვან კოლექტივთან ვიმუშაო,“ - განაცხადა ანჯაფარიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა მაუწყებლიდან გასულ წელს, ეკა მიშველაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთი შეხედვით, მიღებული გადაწყვეტილება იყო წინააღმდეგობრივი, თუმცა ანჯაფარიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების ობიექტურობას სასამართლო დაადგენს.
„ეს ჩემი აზრით, იყო წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე გამაჩნია ამ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რამდენადაც ვიცი, სასამართლოშია საქმე და სასამართლო გამოიტანს ვერდიქტს. ჟურნალისტის და ნებისმიერი თანამშრომლის გათავისუფლებას უნდა ითვალისწინებდეს ის პროცედურები, რაც არის დადგენილი კანონით და შრომის კოდექსით. თუ არ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, თუ ჟურნალისტი კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას და ა.შ. მისი გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს,“ - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყანაში ოპოზიციური მედიის არსებობა აუცილებელია. რაც შეეხება სასამართლო დავას, ანჯაფარიძის განცხადებით, ის საქმის სამართლებრივ დეტალებს არ იცნობს.
„რადგანაც საქმე არის გადაცემული სასამართლოში და სასამართლომ უნდა გამოიტანოს ვერდიქტი, მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი კონკრეტული დასკვნებისგან. მე ვფქრობ, რომ უნდა არსებობდეს ჩვენს მედიასივრცეში ოპოზიციური არხი, შეიძლება მისი სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდეს გარკვეულ ჯგუფებს, მაგრამ ასეთი არხის აუცილებლობა საჭიროა. თუ საქმის სამართლებრივ მხარეს შევხედავთ, მე ამ ეტაპზე გამიჭირდება კონკრეტული თქმა, იმიტომ, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავის დეტალებს არ ვიცნობ,“ - აღნიშნა ანჯაფარიძემ.