19 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და სასამართლოზე სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლა - ევროპარლამენტართა მრავალფრაქციული ჯგუფის წერილი
ევროპარლამენტართა მრავალფრაქციული ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს წერილით მიმართავს. დეპუტატები მხარდაჭერას გამოთქვამენ საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესის გაგრძელებისა და ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მიმართ.
 
თუმცა მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია მოგვარდეს გადაუჭრელი საკითხები, რომლებსაც ქვეყნის პროგრესის განადგურება შეუძლიათ. ასეთ საკითხად მიიჩნევენ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს მისი შესრულებისკენ მოუწოდებენ.
 
წერილში ასევე საუბარია გიგი უგულავას საქმეზეც. პარლამენტარათა შეფასებით, ყოფილი მერის ერთდღიანი გათავისუფლებისა და ხელახლა დაკავების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლის გამო ვერ შეძლო მორიგი გადაწყვეტილების გამოტანა.
 
დეპუტატთა აზრით, იგივე ეხება ე.წ. კაბელების საქმესაც.
 
წერილის ავტორთა აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოზე სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლა სახელდება იმის მიზეზადაც, რომ სასამართლომ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებითაც, რომელიც მთავრობის კონტროლის მიღმა დარჩენილი ერთადერთი პროდასავლური არხია.
 
"ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ კი საქართველოს მთავრობას შევახსენებთ მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის პატივისცემისა და უმზრუნველყოფის მნიშვნელობას,"- წერია ევროპარლამენტის სამი ფრაქციის წარმომადგენელთა ერთობლივ წერილში.
დღის ამბები