საპარლმენტო უმრავლესობა Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მსოფლიო ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოცაა განხილული. ორგანიზაცია მედიის დამოუკიდებლობის ნაწილში რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრობს.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებს ითვალისწინებენ, თუმცა ზოგჯერ არ ეთანხმებიან.
„ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით ხოლმე ასეთი ორგანიზაციების, განსაკუთრებით Human Rights Watch-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კრიტიკულ შენიშვნებს. ხშირად ის ეყრდნობა კრიტიკულად განწყობილი ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებს და დასკვნებს. ჩვენ ყურადღებას არ ვაკლებთ ხოლმე, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც არ ვეთანხმებით დასკვნებს, მაგრამ მაინც ვაპირებთ მის გათვალისწინებას,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის ყოველწლიური ანგარიში და საგანგაშო არაფერი ხდება.
„ეს არის ჩვეულებრივი ყოველწლიური რეპორტი და არავითარი საგანგაშო არ ხდება. აქ არის მოცემული ის ძირითადი საკითხები, რომელზეც საქართველოში მთელი წელი საუბარი მიმდინარეობდა, რუსთავი 2-ის საქმე, კაბელების საქმე, მოსმენების საკითხი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
კობა ნარჩემაშვილის აზრით, მიუხედავად მთავრობის მიმართ საყვედურებისა, რუსთავი 2 მაინც აგრძელებს მუშაობას და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია.
ავტორი: სოფო ზურაბიანი.