ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებზეა საუბარი, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნებისმიერი რეკომენდაცია ყურადღება მისაქცევია, თუმცა მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მედია დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოში პრობლემები არ არსებობს.
„რეზოლუციის ნებისმიერი პუნქტი არის ყურადღება მისაქცევი და ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა აქვე შემიძლია დავამატო, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი არის უზრუნველყოფილი მაქსიმალურად და მედია თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. უკანასკნელი წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, ეს გარანტია ჩვენმა ქვეყანამ მიიღო.
"საქართველოში მედია გარემო არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან წარმატებული რეფორმის შედეგი ამ მიმართულებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული შეშფოთება რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„აღნიშნულ რეზოლუციაში არ არის საუბარი საქართველოში რაიმე პროგრესზე და განვითარებაზე, თუმცა ძალიან დიდი შეშფოთებაა დაფიქსირებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღეს ცდილობენ მფლობელის შეცვლის გზით ზეგავლენა მოახდინონ დამოუკიდებელი და ყველაზე პოპულარული მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე. ეს არის პირდაპირი ჩანაწერი რუსთავი 2-ის საქმეზე და მე ხელისუფლებას მოვუწოდებდი, ძალიან ყურადღებით მოეპყრას ამ ჩანაწერს. იმიტომ, რომ არანაირი ორაზროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ჩანაწერი არ იძლევა,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ქვეყანაში მედია თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ხელისუფლებას ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს ფრაქცია ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის თავმჯდომარე.
„ძალიან სამწუხაროა ის, რომ დღეს ჩვენ ევროპაში ვიჩენთ თავს სწორედ რუსთავი 2-ის დევნის საკითხით და რეზოლუციაში, რომელიც ეხება მედია თავისუფლებას, მოხსენიებულია რუსთავი 2-ის საქმე. აქ პირდაპირ არის საუბარი ყველაზე პოპულარულ პროდასავლურ ტელევიზიაზე, რომლის მფლობელთან დაკავშირებითაც იყო პრობლემა. ცხადია, ეს არის რუსთავი 2-ის საკითხი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რეზოლუცია ევროპაში მედიათავისუფლებას ეხება, დოკუმენტში ცვლილების შეტანას კენჭისყრის შედეგად 121-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. შესწორება ესტონელი დეპუტატის ერიკ კროსის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს, და მას ქართული ოცნების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ.