ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა. მან აღნიშნა, რომ საუბარი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
მისი განცხადებით, მთავარი შეკითხვა, რომელიც მას ქართულ მხარესთან ჰქონდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოყენების საკითხს ეხებოდა.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ზოგადი პოლიტიკური ვითარება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მე ვკითხე პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორ სურს ახალ უმრავლესობას ქვეყნის განვითარების შესაძლებლობების გამოყენება და სავარაუდოდ კონსტიტუციის ცვლილება. მე ასევე ხაზი გავუსვი ძლიერი ოპოზიციის უფლებებს. დემოკრატიის ხარისხის ერთ-ერთი საზომი არის, თუ რამდენად ძლიერია ოპოზიცია, რომ ოპოზიციას შეუძლია ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკა.
"ასევე მე ვკითხე რა ეფექტი აქვს ოპოზიციის გაყოფას ყოველდღიურ საპარლამენტო ცხოვრებაზე. ჯამში მე ხაზი გავუსვი, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს პროევროპული ორიენტაცია, აუცილებელი რეფორმების გატარება. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური რეფორმების მხარადაჭერა,“ - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
ქართულ მხარესთან საუბარში მან ასევე რეფორმების პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას ხაზი გაუსვა. მაკალისტერმა რუსთავი 2-ის საქმეზეც ისაუბრა.
„მე ვიცნობ რუსთავი 2-ის საქმეს, რადგან ვიმყოფებოდი საქართველოში გასულ ზაფხულს, ჩემი პოლიტიკური მეგობრების, ნაციონალური მოძრაობის მიწვევით. ჩვენ დღეს არ გვისაუბრია შეხვედრაზე რუსთავი 2-ის საკითხზე, რადგან მხოლდ 25 წუთი გვქონდა შეხვედრისთვის, მაგრამ ზოგადად მე ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ თანამდეროვე, ფუნქციონალური, ღია დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, ოპოზიციის უფლებები და რაღა თქმა უნდა მედიის თავისუფლება არის ფუნდამენტური, იმ ქვეყანაში, საიდანაც მე ვარ, გერმანიაში მედიას მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ და ჩვენ გვჭირდება მეოთხე ხელისუფლება და დამოუკიდებელი მედია, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება დემოკრატიაში,“ - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.