რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ნიკა გვარამიას კითხვები აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოიქცა ისე, როგორც მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროება.
„გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოიქცა ის ისე, როგორც მოიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს კითხვა რიტორიკულია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე, იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ. მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ მათ ან გაეტანათ განცხადება ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები. დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე. ან ის ადამიანები რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
"ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება, როგორც უზენაესი სასამართლოს თამჯდომარის ისევე პროკურატურის მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს როგორც მორალური, ასევე პროფესიული უფლება, რომ დაიკავონ უმაღლესი თანამდებობი სახელმწიფო სისტემაში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ დღესვე ხაზი გაუსვა მედიის და სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.
"თავისუფალი მედია და თავისუფალი სასამართლო არის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ყოფნა არ ყოფნის წინაშე. რუსთავი 2 დღეს თავისი ბრძოლით აპირებს, რომ ორივე ინსტიტუცია გადაარჩინოს, როგორც თავისუფალი სიტყვა ასევე, თავისუფალი სასამართლო. ეს არის ისტორიული ამოცანა, რომელიც მოხდა ისე, ერომ ჩვენზე გადის ეს გზა, ამიტომ ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და ვაპირებთ, რომ ამ ისტორიულ ამოცანას გავუმკლავდეთ," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სახელმწიფო იქცევა დანაშაულებრივად. გავარმიას თქმით, ივანიშვილის დავალებით მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა რუსთავი 2-ისა და სასამართლოს წინააღმდეგ.
„სახელმწიფო ამ შემთხვევაში იქცევა დანაშაულებრივად, პრაქტიკულად ყველა მისი შტო ჩართულია ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში და ეს არის ორკესტრირებული საქმიანობა. ამას ჰყავს ერთ ხელმძღვანელი და ეს ხელმძღვანელი არის ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი სახელისუფლებო შტო, რომელიც ამაში ჩართული არ არის, საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც ყველაფერთან ერთად არის მოსამართლეების დამოუკიდებლობის და კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელების, ასევე სიტყვის თავისუფლების გარანტი, ჩვენ ვთხოვთ მას, რომ ღრმად შეისწავლოს ეს საქმე.
"ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან, რომ გამოქვეყნდეს განცხადების შინაარსი და შეწყდეს ზეწოლა მოსამართლეებზე, არა მხოლოდ ჩვენი საქმის გადაწყვეტის ნაწილში, არამედ იმ ნაწილში, რომ შეცვალონ ამ გადაწყვეტილების შინაარსი. ეს ზეწოლა არის ძალიან ფართომასშტაბიანი, იმიტომ, რომ მიმდინარეობს ანგარიშსწორება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებთან,“ - აცხადებს გვარამია.
მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. როგორც უწყებაში განმარტეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებით და სასამართლოს მომართვის საფუძველზე, გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, ამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტებზე დაიწყო.
ვის ადანაშაულებენ მოსამართლეები წეზოლაში, ეს ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა შეისწავლის მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის მიმოწერის ავთენტურობას, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს და სადაც ნახსენები არიან პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე.