19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"ჩვენი ხელისუფლება ატყუებს დასავლელ პარტნიორებს" - თამარ კინწურაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლას ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის თქმით, ხელისუფლება არაკეთილსინდისიერად იქცევა.

“ამ საქმეში იკვეთება ხელისუფლების ხელი და თუ ადრე არსებობდა გარკვეული ეჭვები, ეს უკვე ცხადია. გარკვეულწილად ჩვენი ხელისუფლება ატყუებს დასავლელ პარტნიორებს, რომ ის არ ახორციელებს მედიაზე ზეწოლას და მას შემდეგ, რაც იღებს გარანტირებულ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციაზე, რომელიც არის ქართველი ხალხის დამსახურება, იქცევა არაკეთილსინდისიერად,“ - განაცხადა კინწურაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამ საქმეების ეფექტური გამოძიება.

“მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამ საქმეების ეფექტური გამოძიება იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, აქ უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ რუსთავი 2-ზე,“ - აღნიშნა გიგაურმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის გიორგი კლდიაშვილი თქმით, როდესაც მოსამართლეზე შესაძლოა ხდებოდეს ზეწოლა, ეს არის სრულად დაუშვებელი და ეს არის სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.  

 

დღის ამბები