19 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოიქცა სწრაფად" - თეა წულუკიანი ე.წ. მოსამართლეების საქმეზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტს ეხმაურება. თეა წულუკიანი ამ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან დროული და სწორი რეაგირება მოახდინა.  

“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოიქცა სწრაფად და მას პირიქით ეკუთვნის შექება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადაგზავნა პროკურატურაში ეს საქმე, სწორედ ამაში გამოიხატება მისი მოკავშირეობა საკუთარი მოსამართლეებისადმი, რადგან მას ასე ევალებოდა კანონით. გამოუცხადა მხარდაჭერა იმ თავის კოლეგებს ვისზეც, როგოც ეს კოლეგები ამბობენ, ყოფილი მაღალჩინოსნებისგან ხორციელდებოდა და ხორციელდება ზეწოლა. უნდა ვიყოთ მოხარულნი, რომ არავინ დახუჭა თვალი ამგვარ ბრალდებაზე, რომელიც მომდინარეობს არა რიგითი მინისტრისგან ან რომელიმე მოქალაქისგან, არამედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმაც. უჩა ნანუაშვილის თქმით, გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. 

“ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე დავას, არის ძალიან საინტერესო ჩვენთვის და ჩვენ ასეთ საკითხებს რა თქმა უდნა გავუწევთ მონიტორინგს და ზედამხედველობას. უნდა გადამოწმდეს ეს ყველა განცხადება, გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც იყო დასმული. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც მიმდინარეობს საქმის განხილვა და ბოლომდე არ არის მისული ეს პროცესი,“ - აღნიშნა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გამოძიება ალავიძის და ქათამაძის განცხადების და სასამართლოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურისთვის გადაგზავნილი მიმართვის გასაჯაროებას კი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგანაც ითხოვდა.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები