პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიების დასრულებას ელოდება. მისი თქმით, პროკურატურა თავისი რეგულაციების მიხედვით მოქმედებს და მხოლოდ იმას გაასაჯაროებს, რაც ზიანს არ მიაყენებს გამოძიების ინტერესებს.
პროკურატურის მიერ უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის განცხადების და სასამართლოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ნამდვილად ძალიან ყურადღებით ვაკვირდები იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზულია, სასამართლო თავად თავისი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მიმართავს პროკურატურას. თანაც უპრეცედენტო შემთხვევა უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ ბრალეულობა გამოიკვეთება რომელიმე პირის, ისევ სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი იმ პირის მიმართ, ვინც მის კოლეგაზე ზეწოლას ახორციელებდა,“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.