თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე რუსთავი 2-ის საქმის გარშემო დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გოგუაძის თქმით, რუსთავი 2-ის საქმე განსაკუთრებით ცინიკურია, რადგან დემოკრატიული ქვეყნის ღირებულებები ერთმანეთს დაუპირისპირეს. ის აცხადებს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი პოლიტიკური საკითხია და ქართულმა ოცნებამ სასამართლო დაიმორჩილა.
„საკუთრების უფლების სახელით სასამართლოს მეშვეობით, ხელისუფლებამ შეტევა განახორციელა დემოკრატიის მთავარ ღირებულებაზე - სიტყვის თავისუფლებაზე, რუსთავი 2-ზე, ამ შემთხვევაში. დიახ, ეს არის დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოსთვის ძალიან ნიშანდობლივი და საშიში პროცესი,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.
კურიერის პირდაპირ ეთერში თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანმა პროკურატურის მიერ ალავიძის და ქათამაძის განცხადების და სასამართლოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან არ უნდა ხორციელდებოდეს მოსამართლეებზე შეტევა.
„თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების შეტევა მოსამართლეებზე არის კრიმინალი და სახელმწიფო ვალდებული კრიმინალს გასცეს პასუხი, ხელისუფლების წარმომადგენლების შეტევა მოსამართლეებზე ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საფრთხესთან გვაქვს საქმე, ვიდრე უბრალო კრიმინალთან,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.
ნინო გოგუაძის თქმით ისინი მოითხოვენ პროკურატურისგან, რომ მოსამართლეების წერილი გაასაჯაროონ, რათა სრული სურათი გამოაშკარავდეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოსამართლეთა საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.