19 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ე.წ. მოსამართლეების საქმე - პროკურატურა განცხადებას, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, არ ასაჯაროებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართვის საფუძველზე პროკურატურაში 3 კვირაა გამოძიება მიმდინარეობს. დიდი პალატის წევრების, პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძის განცხადების საფუძველზე პროკურატურა ცდილობს იმ პირის, ან ადამიანთა ჯგუფის გამოვლენას, ვინც ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენდა.

ნიკა გვარამიას მიაჩნია, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა პროკურატურაში ხელისუფლების წარმომადგენლებს უჩივლეს. გუშინ საღამომდე პროკურატურა მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ ინფორმაციას მალავდა. გვარამიას მიაჩნია, რომ ამ პერიოდს პროკურატურა საქმის ფალსიფიცირებისთვის იყენებდა. ამას ემატება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დუმილიც.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა დღეს მთავარ პროკურატურას მოსამართლეების იმ განცხადების გასაჯაროება მოსთხოვა, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო. ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეებს მათ მიერ მხილებული პირები ზეწოლით შეაცვლევინონ.

მთავარმა პროკურატურამ მოსამართლეების განცხადება არ გაასაჯაროა, საგამოძიებო ორგანოში მხოლოდ იმ გარემოებებზე ისაუბრეს, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

რუსთავი 2-ის იურისტები დარწმუნებულები არიან, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე სახელისუფლებო ზეწოლა მიმდინარეობს.

რუსთავი 2-ის იურისტებს მიაჩნიათ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დისკრედიტაციისთვის ის მიმოწერა იყო გამოყენებული, რომელიც მედიასაშუალებებმა 2 დღის წინ გაავრცელეს. მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის ე.წ. ვაიბერ მიმოწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის. დავით საყვარელიძე დღეს ამბობს, რომ გავრცელებული მასალა ფაბრიკაციაა.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები