რატომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეებზე განხორცილებული სავარუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით - ნინო გვენეტაძე ამ საკითხზე არ საუბრობს. უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარემ შეკითხვებს არც იუსტიციის საბჭოს სხდომაზე უპასუხა, სადაც ის სათადარიგო კარიდან შევიდა.
მანამდე გვენეტაძე ამ საკითხზე ლევან მურუსიძეს საკუთარ კაბინეტში ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სწორედ მურუსიძისგან გახდა ცნობილი, რომ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მოახდინეს.
ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან ამ საკითხზე არც იუსტიციის საბჭოს წევრებს ჰქონდათ. მათი ნაწილი ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე მედიიდან შეიტყვეს.
საბჭოს სხდომის დაწყებამდე მოსამართლეები აცხადებდნენ, რომ ნინო გვენეტაძესთან დაწყებული გამოძიების შესახებ შეკითხვები ჰქონდათ. მოსამართლეები საკითხის განხილვას სხდომის ფორმატში გეგმავდნენ.
მიუხედავად ამ განცხადებებისა, იუსტიციის საბჭოს არცერთ წევრს ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით სხდომის ფორმატში შეკითხვა ნინო გვენეტაძისთვის არ დაუსვამს. მოგვიანებით კი კომენტარი საბჭოს მდივანმა გააკეთა და განცხადა, რომ ეს საკითხი საბჭოს წევრებთან ერთად გვენეტაძემ სხდომის დაწყებამდე განიხილა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს იუსტიციის მინიტრისგან ქება დაიმსახურა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.