რუსთავი2-ის საქმე ერთ წელზე მეტია, რაც სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განიხილება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ფრაზას იმის შესახებ, რომ დედა მისი ოჯახის წევრი არ არის, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსამართლე იძულებული გახდა, ეს განცხადება გაეკეთებინა მას შემდეგ, რაც რუსთავი2-ის ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძის დედამ რუსთავი2-თან საუბარი არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ ბინას საკუთარ შვილზე აქირავებდა. იურისტების განმარტებით, ეს ფაქტი საკმარისი იყო იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ, სულ მცირე, დისციპლინური დევნა დაწყებულიყო.
გიორგი პაპუაშვილის გარდა, განცხადებები ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებმაც გააკეთეს. შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან და არასამთავრობო სექტორთან. პრეზიდენტთან ერთად მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საქმის კურსში იყო საქართველოს პრემიერმინისტრიც.
ლალი ფაფიაშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებს შორისაა, ვინც სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ უკვე განხილული რუსთავი2-ის საქმე ხელახლა განსახილველად პლენუმს გადასცა.
ლალი ფაფიაშვილის მსგავსად კითხვები არც თამაზ ურთმელიძეს, არც ნათია გუჯაბიძეს და არც სხვა მოსამართლეებს გაჩენიათ, თუ რატომ დაემთხვა ისე, რომ ყველა ინსტანციაში რუსთავი2-ის საქმის გადაცემა სწორედ იმ მოსამართლეებისთვის მოხდა, რომელთა წინააღმდეგაც სამართალდამცველებს გარკვეული კომპრომატები გააჩნდათ.
ავტორი: ეკა გაგუა