სამკვირიანი ფარული გამოძიების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წერილს პროკურატურა ამ დრომდე არ აქვეყნებს. საზოგადოებისთვის უცნობია, რა წერია მოსამართლეების მიმართვაში, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს მიაჩნიათ, რომ გახმაურებულ საქმეებზე ობიექტური და სწრაფი გამოძიება უნდა განხორციელდეს. სამოქალაქო სექტორი რუსთავი2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
„რუსთავი2-ის საქმეს მკაფიოდ პოლიტიკური ელფერი აქვს, პირველ ინსტანციაშიც ასე იყო, აპელაციაშიც და ახლა უკვე უზენაესშიც გავიგეთ, რომ არსებობს რისკები, მოსამართლეებზე შესაძლოა ზეწოლა ყოფილიყო. იმისთვის, რომ სასამართლომ საკუთარი თავი ეფექტურად დაიცვას, მათ ინტერესებშია, რომ ეს საჯარო გახადონ,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერმა, გიორგი გვილავამ.
არასამთვრობო სექტორის ნაწილს მიაჩნია, რომ ბესარიო ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართ ხელისუფლების ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ეს ორი მოსამართლე იმ კოლეგიაში იყო, რომელმა კოლეგიამაც რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა.
„მათ სქელტანიან განჩინებაში როდესაც მიუთითებენ, რომ ამდაგვარ შემთხვევებში სასამართლო პრაქტიკით განსხვავებული რამ არის დადგენილი და ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოს ამ საქმეზე სხვა გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ამიტომ დიდმა პალატამ იმსჯელოსო, თუნდაც ეს ერთი საკითხი უკვე არის ინდიკატორი, რომ რეალურად ბათილობასთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამ კოლეგიაში უკვე არის განსხვავებული და არა ხელისუფლების თუ მასთან დაკავშირებული წრეების სასარგებლო პოზიცია,“ - განაცხადა ადვოკატმა, ლევან ალაფიშვილმა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი