მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ამ საქმის უფრო მეტი დეტალი გაასაჯაროოს. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს თავად მოსამართლეებსაც.
„ბუნებრივია, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ჩვენ მივიღოთ ობიექტური ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებისაგან და არა, ვთქვათ, მხოლოდ ვარაუდების სახით მიდიოდეს მსჯელობა. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს საქმე არ დარჩება ისევე პასუხგაუცემელი, როგორც მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შემთხვევაში, როდესაც იყო განცხადებები ზეწოლის თაობაზე, როდესაც დაიწყო პროკურატურამ ძიება შესაბამის საქმეებზე, მაგრამ დღემდე ჩვენ არ ვიცით სადამდე მივიდა და რა შედეგით დასრულდა ეს ამბავი. პრეზიდენტმა გამოაცხადა მზაობა, რომ როგორც ყოველთვის, ის მზად არის მოსამართლეების უფლებები დაიცვას, რომ მოსამართლეების გვერდით დადგეს და თუკი რაიმე პრობლემები ექნებათ მათ, ამ პრობლემების გადაჭრაში მხარი დაუჭიროს მაქსიმალურად,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.