რუსთავი 2-ის საქმესა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.
„მოსამართლეების დამორჩილება მიმდინარეობს იმ საქმეებზე, რომელიც ივანიშვილის ინტერესებშია, ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ის საქმე აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი, როდესაც ჩვენ ვხედავთ დომინოს პრინციპით როგორ იშლება სასამართლო სისტემა ჩვენ თვალწინ,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ნაციონალურ მოძრაობაში კი მიაჩნიათ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საგამოძიებო კომისიას შედეგი არ ექნა.
„საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, სადაც ხელისუფლებას ეყოლება ისევ თავისი წარმომადგენლები, ალბათ, ბევრის ვერაფერი მომცემია. საზოგადოებამ უნდა განახორციელოს პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლებაზე. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია ამ მიმართულებით. დღემდე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგია ის, რომ რუსთავი 2 სარედაქციო დამოუკიდებლობას ინარჩუნებს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა კი კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
„პარლამენტის ჩართულობა და ჩარევა საგამოძიებო კომისიის სახით, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი არ უნდა იყოს, ეს საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს მივანდოთ. ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას გამოვრიცხავ,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.