სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს, სადაც თითქოსდა ნიკა გვარამიას და ზურაბ ადეიშვილის საუბარია აღბეჭდილი და აცხადებს, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს გადადგამს.
„უკანასკნელ პერიოდში აგორებული ბინძური კამპანიის შედეგად ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ ხელისუფლება უკან დამხევი არ არის და ის მზად არის გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, შესაბამისად, თუკი მათ ამისი აუცილებლობა ექნებათ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეიძლება წავიდნენ, მათ შორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
რუსთავი 2-ის ადვოკატი აღნიშნავს, რომ სამართლებრივად, ამ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეს არის დამონტაჟებული.
„ავთენტურობასთან დაკავშირებით პრობლემა გააჩნიათ, იმიტომ, რომ ეს არის აშკარად დამონტაჟებული ჩანაწერები, მეორე რიგში ეს არის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და შესაბამისად, ასეთ მტკიცებულებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და მესამე რიგში, სულ რომ დაშვება გააკეთო, რომ ავთენტურია და კანონიერია, ამ შემთხვევაშიც პრობლემაა, იმიტომ, რომ, სამართლებრივად არ იკვეთება ამ საუბრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებები,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.