ბიუჯეტიდან მოსამართლის ოჯახისთვის გადახდილ 1 მილიონ ლარზე განცხადებები კეთდება თბილისის საკრებულოში, სადაც კორუფციასა და მოსამართლის მოსყიდვის ნიშნებზე საუბრობენ. ოპოზიცია თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს და საქმეში გამოვლენილ ახალ გარემოებებზე მიუთითებს.
ცოტა ხნის წინ, თბილისის საკრებულოში ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე მივიდა. ლექვინაძე ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ თბილისის მერია მზად არის ისაუბროს ამ საკითხის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ლექვინაძის განმარტებით, მერია არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საუბარი არის რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, ნატალია ნაზღაიძის ძმაზე.
„თბილისის მერიის მხრიდან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დოკუმენტაცია შედგენილია აბსოლუტურად სამართლებრივი წესების დაცვით და ჩარჩოებში. ამ მიწის ნაკვეთზე დაწყებული იყო გარკვეული აქტივობები, რომელიც გულისხმობდა საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და იქ იყო ინვესტორის მხრიდან გარკვეული აქტივობები განხორციელებული. აღნიშნული ქონება შეფასებული იქნა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ, დაახლოებით 972 ათასი ლარის მოცულობით და აღნიშნული ღირებულების სანაცვლოდ, მეპატრონის მიმართ განხორციელებული იქნა ალტერნატიული მიწის ნაკვეთის გამოყოფა. სამართლებრივ ნაწილში აღნიშნულ პროცესს პრობლემა არ აქვს, ამიტომ დაინტერსებულ მხარეებთან მიმართებაში, იგივე საკრებულოსთან მიმართებაში, ჩვენი სამსახურები მზად არიან ამ სამართლებრივ ნაწილზე განმარტებები გააკეთონ. რაც შეეხება მის პოლიტიკურ ნაწილს, დიახ, ეს თემა გაპოლიტიკურდა. თუმცა ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა კონკრეტულ გვართან და კონკრეტულ მოსამართლესთან მიმართებაში ამ პროცესს არ აქვს,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ავტორი: ანა წერეთელი.