დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილ მანანა კობახიძის მოსმენის დროს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის რუსთავი 2-ის საკითხზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრს, სერგო რატიან მანანა კობახიძესთან რუსთავი 2-ის საქმეზე ბევრი შეკითხვა ჰქონდა. მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმეს არ იცნობს და მისთვის საქმის მასალები არავის მიუწვდია.
„თქვენ თუ თვლით, რომ მე ვიცნობ რუსთავი 2-ის საქმეს, ეს ნამდვილად არასწორია. საიდან უნდა ვიცნობდე რუსთავი 2-ის საქმეს? სასამართლოში, საერთო სასამართლოში, მე იქ არც მხარე ვარ, არც მოსამართლე ვარ და ნამვილად ჩემთვის არავის არ მოუცია საქმის მასალები,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ის ამბობს, რომ მას ამ საქმეზე მხოლოდ მედიიდან მიღებული ინფორმაცია აქვს.
„ვერაფერს ვერ გეტყვით ახლა ურთმელიძემ იქ რა გადაწყვიტა, მე მხოლოდ და მხოლოდ პროცედურულ თემაზე მქონდა აქცენტი,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
რუსთავი 2-ის საქმეზე კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, გედევან ფოფხაძემაც ისაუბრა. მისი განცხადებით, მთელი დღევანდელი განხილვა ერთი თემის ირგვლივ ტრიალებს და ამის მიზანი სამომავლოდ მანანა კობახიძის აცილების წინაპირობის შექმნაა.
„რას იტყვით ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე? რა კომენტარს გააკეთებთ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე? როცა რუსთავი 2-ის საქმე იხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ძაღლს რატომ ასეირნებდა? რატომ ეკითხებოდნენ ამას ქალბატონ მანანას? მხოლოდ ერთი მიზნის გამო და ეს ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით ერთი ტელევიზიის პროპაგანდის ჟურნალისტებს, რომ თუ ვინიცობაა, საქმე განხილვაში წავა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წავა სასამართლოში, მათ უნდათ, რომ წარმოეშვათ დღევანდელი განხილვის და გარწმუნებთ, რომ უფრო მწვავე განხილვა იქნება პლენარულ სხდომათა დარბაზში, მათ უნდა წარმოშვან წინაპირობები ქალბატონი მანანას აცილების,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.