19 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"სასაცილოა რომ თქვენს ობიექტურობაზე ვისაუბროთ,“ - ირმა ნადირაშვილი მანანა კობახიძეს მიმართავს

იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზში, სადაც მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრა მიმდინარეობდა, უმცირესობის წარმომადგენლებმა კითხვები კობახიძეს რუსთავი 2-ის საქმეზე და ამ საქმესთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ დაუსვეს.  

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს  ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა  მიმართა და მისი რუსთავი 2-ის მიმართ დამოკიდებულება გაახსენა.

„ყველასათვის კარად არის ცნობილი, თქვენი დამოკიდებულება რუსთავი 2-ის მიმართ და როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი თქვენ პარლამენტში ერთ-ერთი იყავით, ვინც ხმალამოღებული გამოდიოდით ამის წინააღმდეგ. თქვენ მიდიხართ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც დიდი ალბათობით რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში მონაწილეობა მოგიწევთ. ალბათ, პირდაპირ სასაცილოა, რომ თქვენს ობიექტურობაზე ვისაუბროთ,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე მანანა კობახიძეს მიმართა ოთარ კახიძემაც, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმის განხილვების დროს, კობახიძის მიერ გატანილ კანონზე დაყრდნობით, კონკრეტული მოსამართლეების ქმედებები გაახსენა.

მანანა კობახიძემ, ოთარ კახიძის ამ განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ის კონკრეტული მოსამართლეების ქმედებებზე პასუხის ვერ აგებს.

დღეს უმცირესობის წევრები იმითაც დაინტერესდნენ, თუ რა პოზიცია ჰქონდა მანანა კობახიძეს თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ პროცედურულ თემაზე ჰქონდა აქცენტი.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა  უმცირესობის წარმომადგენლები გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულმა კომიტეტმა მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას მხარი დაუჭირა.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

 

 

 

დღის ამბები