ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის ნატალია ნაზღაიძის ძმისთვის ზვიად ნაზღაიძისთვის მილიონის გადაცემის ფაქტზე თბილისის მერიასა და საკრებულოში დღეს არაერთხელ გაკეთდა. თბილისის მერის თქმით, ნაზღაიძისთვის თანხის გამოყოფა გადაუდებელი შემთხვევა არ არის და მერია ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მუშაობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი სტიქიიდან წლინახევრის შემდეგ მიიღო.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მერიამ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის ოჯახი მას შემდეგ დააჯილდოვა, რაც სააპელაციო სასამართლომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმის განხილვა ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით დაასრულა.
23 დეკემბრის საკრებულოს სხდომის ოქმის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ზვიად ნაზღაიძისთვის გადაუდებელი აუცილებლობით ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის და თანხით ანაზღაურების შესახებ მხარი საკრებულოს უმრავლესობის 21-მა დეპუტატმა დაუჭირა.
თბილისის მერია და საკრებულოს უმრავლესობა დღეს არგუმენტებშიც ვერ ჩამოყალიბდნენ. ერთი მხარე ნაზღაიძესთვის მილიონის გადახდას ვერეს ხეობით დაინტერესებულ ინვესტორს უკავშირებდა, მეორე კი მდინარის კალაპოტის სამაგრ სამუშაოებს. ფაქტია, რომ მიწა, რომლის თითქმის ხუთმაგი ღირებულება აუნაზღაურა მერიამ მოსამართლეს, ნატა ნაზღაიძეს დეკლარირებულიც კი არ ჰქონია.
საკრებულოს ოპოზიციის წერილები, რომლის მიხედვითაც დეპუტატები მსგავსი შემთხვევების და დაზარალებულების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვენ, უკვე დედაქალაქის მერიაშია. ამ საკითხზე ხმაურიანი განცხადებების გაკეთება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იგეგმება.
ავტორი: ანა წერეთელი.